logo
ENG



კორონავირუსი სიკვდილის ცელია, რომელმაც არც ტაძრის კედლები იცის და არც სხვა რამ - დეკანოზი

26 მარ 202023:04
3 წუთის საკითხავი
 

მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ ეკლესიებში ღვთის მსახურება მრევლის გარეშე უნდა განხორციელდეს, რათა მოქალაქეებმა ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

როგორც დეკანოზმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" აღნიშნა, მსოფლიოს მასშტაბით ბევრმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღვთის მსახურება ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირებმა აღასრულონ.

"ჩვენ არ ვითხოვთ ღვთის მსახურების შეწყვეტას. ზოგჯერ არასწორად ინტერპრეტირებენ, რომ როგორ შეიძლება ეკლესიები დაიკეტოს და წირვა შეწყდეს. ჩვენი პოზიცია არის, რომ დროებით საჯარო მსახურებები უნდა შეჩერდეს და ღვთის მსახურება აღასრულოს მხოლოდ სამღვდელოებამ ტაძრებში, ისე როგორც ეს ძალიან ბევრმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სინოდალურ დონეზე განაჩინა. კორონავირუსი არის სიკვდილის ცელი, რომელმაც არც ტაძრის კედლები იცის და არც სხვა რამ. ის თანაბრად ვრცელდება ყველგან. არც ის საკითხია სწორი, რომ მხოლოდ კოვზზე მიდიოდეს საუბარი. საერთოდ ზიარებაც რომ არ იყოს და შესაბამისად არც კოვზი იყოს, უკვე ეს არის საჯარო შეკრება და ვირუსის გავრცელება. ამიტომ, მუსლიმებმაც და ირანის აიათოლებმა კი, შეაჩერეს საჯარო ლოცვები. საჭიროების შემთხვევაში ზიარების გარეგნული მხარე ეკლესიას შეუძლია, რომ შეცვალოს. ზიარების წესი არ არის დოგმატი. ეს რიტუალური საწესჩვეულებო მხარე იცვლებოდა სხვადასხვა საუკუნეებში. ჩვენი აქცენტი უნდა იყოს არა კოვზზე, არამედ იმაზე, რომ ადამიანების შეკრება არის საშიშროების შემცველი. ზუსტად ამას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები", - განაცხადა დეკანოზმა.


close დახურვა